ანა დოლიძემ პოლიტიკური პარტია ხალხისთვის დააფუძნა.
დოლიძემ რამდენიმე თვით ადრე შექმნა მოძრაობა ხალხისთვის და შეწყვიტა მუშაობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც ის პრეზიდენტის კვოტით იყო დანიშნული. მან საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
"საქართველოში არის დაკვეთა რაციონალურ, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალაზე. პარტია ხალხისთვის იქნება სწორედ ასეთი ძალა - ის იქნება კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პრობლემების გატანაზე და გადაწყვეტაზე. ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დიდუბე-ჩუღურეთში და ამას ექნება დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. დღეს აქ, სულ მცირე, 300 ადამიანი უნდა ყოფილიყ, მოვიდა 400-ზე მეტი ადამიანი. ისინი არიან ამ პარტიის დამფუძნებლები. ეს იქნება პარტია, რომელიც კონცენტრირდება მხოლოდ საქმეზე და იმაზე, რომ მოქალაქეების ცხოვრება წინ წავიდეს". - თქვა ანა დოლიძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დოლიძე პასუხობს, რომ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა პარტიას მერობის კანდიდატი, ასევე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და რა ურთიერთობა ექნება მას სხვა პარტიებთან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებული დოკუმენტის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი გუნდი მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.